ლაშა ჯაყელი სამედიცინო ხალათში
ლაშა ჯაყელი, M.D.
ჩემი ბოლო ფოტო თეთრ ხალათში.

ამერიკიდან
საქართველოში

რატომ დავტოვე ჩემი საექიმო კარიერა ამერიკაში
და დავაფუძნე Mindor

როცა ამერიკაში ვმუშაობდი, ჩემი პაციენტების სამედიცინო ისტორიებში ერთი და იგივე სურათი მეორდებოდა.

  1. 2012ძილის პრობლემები. ოჯახის ექიმი.
  2. 2014თავის ტკივილი. ნევროლოგი.
  3. 2016შფოთვა და დეპრესია. ფსიქიატრი.
  4. 2019საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. გასტროენტეროლოგი.
  5. 2021მაღალი არტერიული წნევა. კარდიოლოგი.
  6. 2022წონის მატება და მეტაბოლური დარღვევები. ენდოკრინოლოგი.

ადამიანი მოვიდა პირველად 10 წლის წინ და დღეს შენობაში უკვე ყველა ექიმის პაციენტად ჩამოყალიბდა. ვუსმენდი ჩემს პაციენტებს და ვამჩნევდი, რომ ეს ადამიანები ერთ დროს ჯანმრთელები იყვნენ. შემდეგ წლების განმავლობაში მძიმე სტრესის პირობებში ცხოვრობდნენ. ყოველ ჯერზე, როცა ახალი სიმპტომი ჩნდებოდა, ახალი ექიმი ახალ მედიკამენტს ნიშნავდა.

იმას კი, რაც ამ პრობლემების განვითარებას ხელს უწყობდა, ხშირად არავინ ეხებოდა.

ჩვენ მეხანძრეებივით ვმოქმედებდით: მივდიოდით ცეცხლმოკიდებულ შენობაში და ხანძრის ჩაქრობის ნაცვლად სახანძრო სიგნალიზაციას ვთიშავდით.

ხანძარი აქტივაციაში დარჩენილი ნერვული სისტემაა, რომელიც წლები იყო სტრესში და გამოიფიტა. სიგნალები კი ის სიმპტომებია, რომლებითაც ორგანიზმი გვატყობინებს, რომ დახმარება სჭირდება.

პაციენტს შფოთვა აწუხებდა, ღამით ვერ იძინებდა, გული უჩქარდებოდა და ენერგია აღარ ჰქონდა.

რას ვაკეთებდით?

  • ანტიდეპრესანტი განწყობისთვის.
  • ბენზოდიაზეპინი შფოთვისთვის.
  • საძილე პრეპარატი ძილისთვის.
  • ბეტა-ბლოკერი გულისცემისთვის.

ოთხი მედიკამენტი ოთხი სხვადასხვა სიმპტომისთვის.

ხანძარი? კვლავაც აგიზგიზებული.

და თუ მხოლოდ სიმპტომებს ვმკურნალობთ, შეიძლება წლები გავიდეს ისე, რომ მთავარი პრობლემა ხელუხლებელი დარჩეს.

ამ გამოცდილებამ ეჭვქვეშ დამაყენებინა ჯანმრთელობის ის წარმოდგენა, რომელიც სამედიცინო განათლების მიღებისას ჩამომიყალიბდა.

კლინიკურ პრაქტიკაში ჯანმრთელობას ხშირად ორი მდგომარეობით ვაფასებთ.

ლაბორატორიული ანალიზები ნორმაშია? ჯანმრთელი ხარ.

ანალიზებში გადახრაა? დაავადებას ვეძებთ.

ასეთი მიდგომა კარგად მუშაობს კონკრეტული დაავადებების დიაგნოსტიკისას. მაგალითად, ან გაქვს სტრეპტოკოკული ინფექცია, ან არ გაქვს.

მაგრამ ქრონიკული დაავადებებისა და ადამიანის ყოველდღიური ფუნქციონირების შეფასება ასე მარტივი არ არის.

ბევრი ქრონიკული დაავადება ნელა, წლების განმავლობაში ვითარდება. ამ პროცესს ხშირად წინ უსწრებს ცვლილებები, რომლებსაც ადამიანი საკუთარ სხეულში უკვე გრძნობს, თუმცა სტანდარტული გამოკვლევები ჯერ კიდევ ვერ ავლენს.

ჩემი ხედვით, ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ „კი“ ან „არა“. ჯანმრთელობა სპექტრზეა განთავსებული.

წარმოიდგინე 1000-ქულიანი სისტემა.

დღეს შენი მაჩვენებელი 741-ია.

ხვალ 759.

მომდევნო თვეში 797.

ეს რიცხვი შენი ორგანიზმის ფუნქციურ მდგომარეობას გამოხატავს და დროთა განმავლობაში იცვლება.

ახლა წარმოიდგინე, რომ კლასიკური მედიცინის ყურადღება ძირითადად 250-ქულიან ზღვარზეა მიმართული.

მის ქვემოთ უკვე გამოვლენილი დაავადებაა. მის ზემოთ კი ხშირად გეუბნებიან, რომ ყველაფერი წესრიგშია.

მაგრამ დააკვირდი 1000-სა და 250-ს შორის არსებულ უზარმაზარ სივრცეს.

სწორედ ამ სივრცეში შეიძლება უარესდებოდეს შენი ძილი, ენერგია, ყურადღება, ემოციური მდგომარეობა და ცხოვრების ხარისხი ისე, რომ სამედიცინო გამოკვლევებში მნიშვნელოვანი დარღვევა ჯერ კიდევ არ ჩანდეს.

მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა 250-ს ჯერ არ ჩამოსცდენილხარ, თუმცა იცი, რომ თავს კარგად არ გრძნობ?

როცა გახსოვს, როგორ გრძნობდი თავს ხუთი წლის წინ და ხვდები, რომ რაღაც დაკარგე?

შეიძლება არცერთი დიაგნოზი არ გქონდეს, მაგრამ ყოველ დილით დაღლილი იღვიძებდე, დღის განმავლობაში კონცენტრაცია გიჭირდეს და საღამოს საკუთარი თავისთვის ან საყვარელი ადამიანებისთვის ენერგია აღარ გრჩებოდეს.

ფორმალურად, ფურცელზე, ჯანმრთელი ხარ.

მაგრამ რამდენად კარგად ფუნქციონირებ?

და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კითხვა:

რამდენად უკეთ შეგიძლია ფუნქციონირება?

რა განსაზღვრავს ჩვენი ორგანიზმის ფუნქციურ მდგომარეობას?

კლასიკურ მედიცინაში ნევროლოგია ერთ-ერთი სპეციალობაა სხვა სპეციალობებს შორის.

კარდიოლოგია. გასტროენტეროლოგია. ენდოკრინოლოგია. ნევროლოგია.

თითოეული სპეციალობა ორგანიზმის კონკრეტულ ნაწილს შეისწავლის.

მაგრამ ასე იმიტომ კი არაა მედიცინა დაყოფილი, რომ ჩვენი ორგანიზმი მუშაობს ასე, არამედ იმიტომ, რომ სადაზღვეო სისტემისთვის, ფარმაკოლოგიური კომპანიებისთვის და ჰოსპიტალისთვის ასე უფრო მომგებიანია.

ნევროლოგია, სხვა სამედიცინო დარგებს შორის ერთ-ერთია, მაგრამ ნერვული სისტემა ერთ-ერთი არ არის, არამედ მთავარია.

კლინიკური ნევროლოგია ძირითადად ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზეა ორიენტირებული, როგორიცაა ინსულტი, ეპილეფსია, გაფანტული სკლეროზი და ნეიროდეგენერაციული დაავადებები.

ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ნერვული სისტემა მხოლოდ ის არ არის, რაც ინსულტის დროს ზიანდება ან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ჩანს.

ჩვენი ტვინი განსაზღვრავს იმასაც, როგორ ვიღვიძებთ დილით, როგორ ვუმკლავდებით სტრესს, რამდენად მკაფიოდ ვფიქრობთ, როგორ ვგრძნობთ თავს და რამდენად შეგვიძლია საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება. ანუ ერთი სიტყვით ფუნქციას.

როცა ამერიკიდან საქართველოში დავბრუნდი არ მინდოდა კიდევ ერთი სამედიცინო მომსახურების შექმნა, სადაც ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიდგომას სადაზღვევო კოდები და მკურნალობის ანაზღაურების წესები განსაზღვრავდა, როგორც ეს კლასიკურ მედიცინაში იყო.

მინდოდა ყველაფერი პირველი პრინციპებიდან ამეგო.

რას საჭიროებს სინამდვილეში ადამიანის ორგანიზმი?

რა პირობებში მუშაობს ჩვენი ნერვული სისტემა საუკეთესოდ?

როგორ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ არა მხოლოდ დაავადებების რისკი შევამციროთ, არამედ გონებისა და სხეულის ფუნქციონირებაც გავაუმჯობესოთ?

ჩვენი ბიოლოგია ასობით ათასი წლის ევოლუციის შედეგია.

ტექნოლოგიები, ქალაქები, სამუშაო გარემო და ცხოვრების ტემპი წარმოუდგენლად სწრაფად შეიცვალა. ჩვენი ორგანიზმის ძირითადი ბიოლოგიური მოთხოვნილებები კი არსად გამქრალა.

მას კვლავ სჭირდება მოძრაობა, ძილი, სინათლე, აღდგენა, სოციალური კავშირები და სტრესსა და დასვენებას შორის ბუნებრივი მონაცვლეობა.

ჩვენ შევქმენით გარემო, რომელიც ადამიანისგან მუდმივ ადაპტაციას მოითხოვს, მაგრამ ხშირად აღარ ვუქმნით საკუთარ ორგანიზმს იმ პირობებს, რომლებიც ამ ადაპტაციისთვის სჭირდება.

და შემდეგ გვიკვირს, რატომ ვართ მუდმივად დაღლილები, გაღიზიანებულები და გამოფიტულები.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორ ვატარებთ იმ დროს, რომელიც ამ პლანეტაზე მოგვეცა...

მუდმივ დაღლილობაში? შფოთვაში? ტკივილში? საკუთარი შესაძლებლობების გამოუყენებლობაში?

თუ ენერგიით, ინტერესით, სიხარულითა და იმ განცდით, რომ საკუთარი ცხოვრების მართვა შეგვიძლია?

მე ღრმად მწამს, რომ ჯანმრთელობა მიზანი კი არა, ხიდია.

ხიდი იმისთვის, რომ იცხოვრო ისე, როგორც შენ გინდა.

ასე, რა თქმა უნდა, ყველა არ ფიქრობს. ზოგისთვის ჯანმრთელობა უბრალოდ დაავადების არარსებობაა. თუ არაფერი სტკივა, ყველაფერი კარგადაა.

მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მეტი სურთ.

ადამიანები, რომლებსაც სურთ შექმნან, ისწავლონ, განვითარდნენ, უყვარდეთ, იმოგზაურონ, იმუშაონ მნიშვნელოვან იდეებზე და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენონ.

მათ სჭირდებათ ენერგია, მოტივაცია, მკაფიო აზროვნება, ყურადღება, ემოციური წონასწორობა და ხარისხიანი ძილი.

იმიტომ, რომ ჯანმრთელობა მათთვის საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალებაა.

ჩემი შთაგონება Mindor-ის შექმნის ამერიკელი ნატურალისტის: ჰენრი დევიდ თოროუს სიტყვები იყო: ''უმეტესი ადამიანი ცხოვრობს მდუმარე სასოწარკვეთის ცხოვრებას და წვება საფლავში გულში კვლავაც ხელუხლებელი სიმღერით.'' როცა ამერიკაში კლასიკურ მედიცინაში ვმუშაობდი ეს ციტატა ჩემზე იყო. ახლა, როცა ვაკეთებ იმ საქმეს რისიც მჯერა, ვიცი რამხელა განსხვავებაა ამ სიმღერის დღის შუქზე გამოშვებაში. მე მინდა შევქმნა მხარდამჭერი სივრცე იმ ადამიანებისთვის, ვისაც სიმღერა აქვთ და ჯანმრთელობა ამაში სჭირდებათ.

ჩემს ხედვას ნერვული სისტემის ფიტნესს ვეძახი.

სიტყვა „ფიტნესი“ შემთხვევით არ ამირჩევია.

ის, ჩემი აზრით, საუკეთესოდ გამოხატავს ნეირომეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენას გასული 100 წლის განმავლობაში.

დიდი ხნის მანძილზე მეცნიერებაში გავრცელებული იყო წარმოდგენა, რომ ნერვული სისტემა ძირითადად ბავშობაში იცვლებოდა, ხოლო ზრდასრულ ასაკში მისი ცვლილების შესაძლებლობები მკვეთრად იზღუდებოდა.

გასული საუკუნის განმავლობაში დაგროვილმა კვლევებმა ეს წარმოდგენა ძირეულად შეცვალა. დღეს ვიცით, რომ ზრდასრული ადამიანის ნერვული სისტემაც ინარჩუნებს პლასტიურობას.

ჩვენი ტვინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცვლება გამოცდილების, სწავლის, ქცევისა და გარემოს გავლენით.

მაგრამ ამ ყველაფრის მთავარი სათქმელი ჩემთვის გაცილებით მარტივია.

ჩვენი ნერვული სისტემა ყვავილს ჰგავს.

როცა ხელსაყრელ პირობებს ვუქმნით, ის ხარობს.

როცა მუდმივად არახელსაყრელ გარემოში ვამყოფებთ, მისი ფუნქციონირება უარესდება.

ყვავილს ვერ აიძულებ აყვავებას მხოლოდ იმიტომ, რომ ამას უბრძანებ.

მას სჭირდება შესაბამისი სინათლე, წყალი, ნიადაგი და ტემპერატურა.

ადამიანის ნერვულ სისტემასაც თავისი პირობები სჭირდება.

და როცა ამ პირობებს ვცვლით, დროთა განმავლობაში მისი ფუნქციონირებაც იცვლება.

ეს არის ნერვული სისტემის ფიტნესის მთავარი იდეა: შენი დღევანდელი მდგომარეობა მხოლოდ დღევანდელი ფოტოა. ხვალ უკეთესი ფოტოს გადაღებაა შესაძლებელი.

ნერვული სისტემის ფიტნესის ექვსი მიმართულება

Mindor-ში ნერვული სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას ექვსი ძირითადი მიმართულებით ვაფასებთ.

  1. 1. ძილის ხარისხი

    რამდენად ადვილად იძინებ? რამდენად უწყვეტია შენი ძილი? დილით დასვენებული იღვიძებ თუ ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს საერთოდ არ გძინებია?

  2. 2. ენერგიის დონე

    რამდენად სტაბილურია შენი ენერგია დღის განმავლობაში? შეგიძლია აქტიური დღის გატარება ისე, რომ შუადღისთვის სრულიად არ გამოიფიტო? გრჩება ენერგია საღამოს, თუ მუშაობა ისე გღლის, შენი ცხოვრება მხოლოდ მუშაობისა და დასვენების მონაცვლეობაა?

  3. 3. ფოკუსი და ყურადღება

    რამდენად მარტივად იწყებ მნიშვნელოვან საქმეს? შეგიძლია ყურადღების შენარჩუნება, როცა გარემო ყურადღებას გიფანტავს?

  4. 4. სხეულის კომფორტი

    რამდენად ხშირად გრძნობ დაძაბულობას კისერში, მხრებსა და სხეულის სხვა ნაწილებში? შეგიძლია ფიზიკურად მოდუნება? რამდენად კომფორტულად გრძნობ თავს საკუთარ სხეულში?

  5. 5. ემოციების რეგულაცია

    რამდენად მარტივად ინარჩუნებ ემოციურ წონასწორობას? შეგიძლია უსიამოვნო განცდის შემდეგ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდე, თუ ერთი კონფლიქტი ან წარუმატებლობა მთელი დღეს ან კვირას გაგყვება?

  6. 6. სტრესთან ადაპტაცია

    რამდენად სწრაფად იბრუნებ სიმშვიდეს სტრესული სიტუაციის დასრულების შემდეგ? რამდენად მალე უბრუნდება შენი გულის რიტმი ნორმალურ სიჩქარეს აჩქარების შემდგომ?

ეს ექვსი მიმართულება ცალ-ცალკე ოთახები არაა, არამედ ერთი ოთახის სხვადასხვა კარია და ასახავს ზოგადად ნერვული სისტემის ფუნქციას.

ჯანმრთელობა
ფუნქცია და პოტენციალია.

Mindor-ის შექმნით ჩემი მიზანია, ადამიანებს მივცე ყველა საჭირო ინსტრუმენტი და შევუქმნა მხარდამჭერი სივრცე, რათა მათ საკუთარი საუკეთესო თავის გამოვლენა შეძლონ.

ლაშა ჯაყელი, M.D.
ლაშა ჯაყელი, M.D.
ნევროლოგი · Mindor-ის დამფუძნებელი
„მე შეყვარებული ვარ ადამიანის პოტენციალზე. ჩვენი ნერვული სისტემის ამაღლებული ფუნქცია ამ პოტენციალის სრულად გამოვლენის გასაღებია..."

გაიგე მეტი
დამფუძნებლის შესახებ

პოდკასტები, სადაც ექიმმა ლაშა ჯაყელმა მიიღო მონაწილეობა.

მზად ხარ
შემდეგი ნაბიჯისთვის?

გაიგე შენი ნერვული სისტემის მდგომარეობა და მიიღე პერსონალური პროტოკოლი.

დაწყება →